საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა.

საიას შეფასებით, ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.

“საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ”,- აცხადებს ორგანიზაცია.

მათი თქმით, კონსტიტუციით განმტკიცებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ეკისრება შრომისა და გადაადგილების თავისუფლებაზე ექსკლუზიური საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესების ვალდებულება.

“ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის მიერ დაწესებული სტანდარტების ზედმიწევნით აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების ის მოდელი, რასაც კონსტიტუცია გვთავაზობს. ამის საპირისპიროდ, რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა შრომის და გადაადგილების კონსტიტუციურ თავისუფლებების შემზღუდველ ჩარჩოს, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, აწესებს მთავრობა, რომელიც არის თავისივე დაწესებული შეზღუდვის აღმასრულებელი. ასეთ ვითარებაში, მთავრობის უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მთავრობის გაუმართლებელი ჩარევისაგან და იმავდროულად აიძულოს პარლამენტი, შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება – მთავრობას დაუწესოს შრომის და გადაადგილების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩო”,- წერია საიას განცხადებაში.

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას.

“აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას”,- აღნიშნავს საია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.

ასევე, აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.