საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის – Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის საფუძველზე. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია.
სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელიც ამავე წესების დარღვევისათვის ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია. თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის.
ამდენად, იმისათვის, რომ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, მან ორჯერ უნდა დაარღვიოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესი. ეს სამართლებრივი შემთხვევა პრობლემურია, რადგან როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დაწესებული ნორმების დარღვევა.
საია მიიჩნევს, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის ცალსახამოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოსპარლამენტის, და არა მთავრობის მიერ.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლების დისპოზიცია ეფუძნება არაკონსტიტუციურად მიღებული ქცევის წესების დარღვევას. ხოლო რადგან არაკონსტიტუციურია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, ასევე არაკონსტიტუციურია აღნიშნული წესის დარღვევისთვის პირისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მისწარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება. აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.