საინტერესოა, სხვა ვაქცინები როცა შემოვა, იმითაც საჯაროდ უნდა ავიცრათ? – ტიკარაძე

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გაიკეთა საჯაროდ ასტრაზენეკას ვაქცინა და ეს ხომ არ უკავშირდება სხვადასხვა გავრცელებულ ინფორმაციას ვაქცინის სანდოობის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ საჯაროდ აცრაში პრობლემას ვერ ხედავს.

ეკატერინე ტიკარაძეს აინტერესებს, როცა ქვეყანაში სხვა ვაქცინებიც შემოვა, აუცილებელი იქნება თუ არა ამ ვაქცინებითაც საჯაროდ აცრა.

“არა, ეს ნამდვილად არ არის მიზეზი იმის, რატომაც არ გავიკეთე საჯაროდ ვაქცინა, თუმცა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრა, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა”,– განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.