“საკვირველია დღევანდელი რეაქციები” – პრეზიდენტი მოლაპარაკების მხარეებს აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილი გუშინ შარლ მიშელის შუამავლობით ჩატარებულ შეხვედრას ეხმიანება და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მადლობას უხდის.

“გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას”,– წერს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ რაც გუშინ ორბელიანების სასახლეში მოხდა, კარგად გააზრებული არ არის.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელი რეაქციები საკვირველია.

“ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს”,– წერს ზურაბიშვილი განცხადებაში.