საკონდიტრო “დონას” ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლოს 26 აგვისტოს იმყოფებოდა

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას” თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, თავად საწარმო დაკეტილია, თანაშრომელთა ნაწილი კი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი.

საკონდიტროს მენეჯერის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომელი ბოლოს 26 აგვისტოს მუშაობდა საკონდიტროში.

„გუშინ დაუდასტურდა ერთ თანამშრომელს კორონავირუსი. ის 26 აგვისტოს იმყოფებოდა ბოლოს სამსახურში, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჩვენ, მიღებული გაიდლაინების შესაბამისად ინფორმირებული ვიყავით, რომ თანამშრომელი, რომელიც შეუძლოდ გრძნობდა თავს, არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში. როგორც კი გამოუვლინდა ტემპერატურა, მაშინვე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ჩაუტარდა კვლევა და გუშინ დაუდასტურდა ვირუსი.

დანარჩენი თანამშრომლების ტესტის პასუხი დღის ბოლომდე იქნება. ვისაც ჰქონდა ტემპერატურა, ყველამ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში ელოდებიან პასუხს. ოღონდ რამდენია, არ ვიცი. ვისაც არ აქვს ტემპერატურა, ისინი სახლებში, თვითიზოლაციაში არიან. ყველა ვართ თვითიზოლაციაში”,- ამბობს მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, მაღაზია გუშინ დაიკეტა და დეზინფექცია ჩაუტარდა.

საკონდიტრო 14 სექტემბერს განაახლებს მუშაობას.