საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ არსებით განხილვაში მიიღო. მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არიან.
პარტიის წევრის, ლევან ჯგერენაიას თქმით, კვოტირების წესი ხელს უშლის მოსარჩელეებს პასიური საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლებას და ეწინააღმდეგება გირჩის მხარდამჭერების ნებას, რომლებიც სიას თავად ადგენენ.
“საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო “გირჩის” სარჩელი, რომლითაც ვასაჩივრებთ კვოტირების წესს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ, “ცესკო”-ში რეგისტრაციისთვის პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი ჰყავდეთ გასხვავებული სქესის. ერთის მხრივ, ეს ხელს უშლის “გირჩის” და სხვა მოსარჩელეების პასიური საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლებას. ასევე ეწინააღმდეგება ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების ნებას იმიტომ, რომ “გირჩის” პარტიული სია შედგენილი არის პარტნიორებისა და გულშემატკივრების მიერ. შესაბამისად, ეს შეზღუდვა, რომელიც პარტიებს ამ რეგულაციის დაცვას ავალდებულებს მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური”,- განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.
შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს 10 ივლისს მიმართა.
პარტიამ საკუთარი საარჩევნო სია უკვე წარადგინა, რომელშიც პირველი ათი პოლიტიკოსიდან არცერთი არ არის ქალი. გირჩი აცხადებს, რომ სიას პარტიის მხარდამჭერები აკომპლექტებენ, შესაბამისად, ისინი წყვეტენ, რომელ ადგილზე რომელი პოლიტიკოსი იქნება. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, “აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი”.