საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის.ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.
“საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა”,- განაცხადა IRI-ს ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
ორგანიზაციის ცნობით, ცესკო-ს ვებ-გვერდიდან აღებული შერჩეული ოქმების ანალიზის შედეგად აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევები.
„საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებს უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას; არის შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ის სხვა მაჟორიტარულ ოლქს მიეკუთვნებოდა; ოქმების შესწორდა ბეჭდის გარეშე; იყო შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბების ნიშნები; დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათემატიკური შეცდომების მქონე შემაჯამებელი ოქმების მიღება. ბიულეტენების დაკარგვის შემთხვევები; შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ აღიარა საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული შემაჯამებელი, ოქმის შედეგები, რომლებშიც ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შეადგენდა ნოლს, მაგრამ შესწორდა 15 საათის შემდეგ. დაფიქსირდა ციფრების კოორდინირებული ჩანაცვლების და პარალელურად, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორების შემთხვევები; ბათილი ბიულეტენების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევა (10%) მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში; იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა სამაგიდო სიებში არ ემთხვეოდა შემაჯამებელი ოქმის შედეგებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.
“იმ რეფორმების მიზნები და სულისკვეთება, რომლებიც მიმართული იყო მრავალპარტიული დემოკრატიისა და კოალიციური მმართველობის მხარდაჭერისკენ, დააზიანა კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარმა დარღვევებმა, რომლებიც სანდო ცნობებშია აღწერილი. მათ შორის, დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება”. – აღნიშნულია ანგარიშში.