საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის – ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა.
„მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება – ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს.
დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.