ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ “იარების მოშუშებისკენ”.
“ვერასდროს და ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც დაიცვა ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ვერ ამოიშლება ის დღე, როდესაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად აქედან, ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როდესაც ამ დარბაზში მოეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად.
ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს, ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ძალიან ფართო საზოგადოებრივი დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე. თუმცა, ცხადია, ჩვენ ვიცავთ იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ”,- თქვა სამადაშვილმა პარლამენტში.
დღეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. დღეს ისინი უმრავლესობის წევრებთან ამნისტიის კანონზე კონსულტაციას გამართავენ.