ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი ეხმიანება შეთანხმებაზე ინდივიდუალურად ხელმოწერის შემდეგ მის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს.
მისი თქმით, ვინც ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა, მომავალში მიხვდება.
“იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა…ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა-მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო) არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია.
მარტივია – გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ – ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. ეს ფოტო გზავნილი მომეწონა – მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება…”,– წერს სამადაშვილი Facebook–ზე.
გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელი ინდივიდუალურად მოაწერა სამადაშვილმაც, რის გამოც ის თანაგუნდელების ნაწილმა გააკრიტიკა. “ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“,– დაწერა მან კრიტიკის შემდეგ.