პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ლელოსთან ერთად ფრაქციის შექმნის მიზანი ქართული ოცნების დამარცხება და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
“ვფიქრობ, ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ უკან უნდა დავტოვოთ ის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ქვეყანას წაართვა განვითარების შანსი და ერთად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ქართული ოცნება დავამარცხოთ და შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით ერთხელ და საბოლოოდ დავემშვიდობოთ ოლიგარქიულ რეჟიმს.
სწორედ ამ მიზნით და იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს აღარ აქვს არცერთი დღე დასაკარგი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მე, ისევე როგორც ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პარლარმენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია ლელოს და პარტნიორების სახით. ჩვენ შევუერთდით ლელოს ამ ინიციატივაში როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები”,– თქვა მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, ფრაქციის დღის წესრიგი იქნება ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ შეძლებენ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას.
ცნობისთვის, პარტია ლელომ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა.