ენმ-ს ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ათიოდე დღის წინ წერდა, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებდა საპატიმროს. მისივე თქმით, გადაწყვიტა, თუ რამეს დაწერს, დაიწყოს ფრაზით – “აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი”.
“პარტიას თუ დავაარსებ, “სიტყვა და საქმე,” მინდა, დავარქვა. ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის… მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად”,– წერს ის.
მისივე განცხადებით, დამაიმედებელია, რომ დღეს ბევრი თანაპარტიელისგან ესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც პარტიის დარწმუნებას ცდილობდა, რომ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ.
“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია.
ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა”,– წერს სალომე სამადაშვილი Facebook–ზე.
მან ნაციონალური მოძრაობა დღეს ოფიციალურად დატოვა.