სამადაშვილი: პრეზიდენტს გავაცანი შეფასებები ამნისტიაზე, საქმიანი საუბარი გვქონდა

სალომე სამადაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, პრეზიდენტს გამკაცრებული სანქციების კანონპროექტსა და ამნისტიაზე ესაუბრა.

„გვქონდა საქმიანი საუბარი. ვისაუბრეთ როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორად, რომ ვეტოს გამოყენებით მოხდეს ამ კანონპროექტის თავიდან განხილვა და ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა, ასევე გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ვისარგებლე შემთხვევით და პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი შეფასებები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რა არის ძირითადი განსხვავებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ვხედვათ დაგეგმილ სამუშაოებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ვისარგებლე შემთხვევით და საუბრი გვქონდა ზოგადად შეთანხმების შესრულებაზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.