სამადაშვილი: ჩემი და ნაციონალური მოძრაობის გზები ამ ეტაპზე გაიყარა

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მისი და ნაციონალური მოძრაობის გზები გაიყარა.

“ამ ეტაპზე ნამდვილად გაიყარა [ჩემი და ნაციონალური მოძრაობის გზები], ქართულ პოლიტიკაში საბოლოო რა არის, გაუგებარია ხოლმე”,– თქვა სამადაშვილმა პალიტრანიუსთან საუბრისას,

წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა “ისევ შეიყაროს”, სამადაშვილი ასე პასუხობს:

“რა ვიცი, ისეთი ხალხი შეყრილა უკან ბოლოს, რომ რთული სათქმელია, ამ ეტაპზე გაყრილია”.

მისივე განცხადებით, გზების გაყრა შარლ მიშელის დოკუმენტზე მის ხელმოწერას მოჰყვა, რადგან მისი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელი უნდა მოეწერა.

“ჩემთვის იყო პრინციპული საკითხი, რომ ხელი უნდა მოგვეწერა ამ დოკუმენტისთვის. მითუმეტეს, შემდგომ აღმოჩნდა, რომ ასე თვლის ბატონი სააკაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ ამ დოკუმენტსო, თუმცა ის არ გამხდარა თავდასხმის ობიექტი საკუთარი თანაპარტიელებისგან, როგორც მე”,– აღნიშნა სამადაშვილმა.