სამართალდამცავების ვალდებულებაა, პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები – ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფების მიერ ძალადობას ეხმიანება. მისი განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულები არიან, კონსტიტუციური უფლებები დაიცვან და მოძალადეები დააკავონ.

“ვგმობთ საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები”, – წერს პრაისი Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.