“როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ ჰქვია დღეს პრემიერმინისტრი, ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა და ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, უმრავლესობაში რატომ სხედან ეს ხალხი? იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. და ეს თუ სწორია, დღეს აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი და რატომ არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას აქ, პარლამენტში და mea culpa-თი რატომ არ დაიწყეთ გამოსვლა – სამჯერ, სამჯერ უნდა დაიძახოთ mea culpa, დამნაშავე ვარ-ს ნიშნავს ლათინურად. დამნაშავე ხართ თქვენ, ბატონო პრემიერო.
დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ!
დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ, რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. და დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის, რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის, აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და იმაზე საუბრობ ნიშნისმოგებით, რომ უკრაინაში თურმე რა დღეში არიან და უკრაინიზაცია უნდა აქ ვიღაცას ჩვენი ქვეყნის.
სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა – დამნაშავე ვარ, mea culpa, mea culpa, mea culpa! ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, იმიტომ, რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება, თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით”.
უთხრა “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს