ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ელექტრონულ სამაჯურს არ გაიკეთებს.
სამაჯურის მოხსნის გამო, დღეს, 3 ნოემბერს პროკურატურამ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
“ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, მისთვისვე იქნება საზიანო. ძალიან მჯერა ამისი, იმიტომ, რომ ერთი პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია, მეორე, სიმართლე მათ მხარეს საერთოდ არ არის. გუნდი, რომელიც ვითომ არჩევნებს ატარებს, იარაღით ძალადობრივი მუქარებით სხვადასხვა საარჩევნო უბნის დარბევით და მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და პროტესტი არავის არ უნდა გამოეთქვა. აბსოლუტურად მეასე და მეორასეხარისხოვანია, ჩემს ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არ იქნებოდა. ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო.
მაგრამ ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, აინტერესებთ ეს ელექტროსამაჯური ხელზე მიკეთია თუ არ მიკეთია. მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა. იმიტომ, რომ ამ ბატონს თავს არ დაუხრის აღარავინ. ის ამ ქვეყანას ვერ მოხუფავს და ვერ დააკონსერვებს. ამ ქვეყნისგან ვერ შექმნის მის კარმიდამოს. ხელისუფალი, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს, იგი კიდევ ერთ გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, რომ პანიკურ მდგომარეობაშია”. – თქვა ნიკა მელიამ.