თბილისი ენერჯის ინფორმაციით, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
“თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114-ში შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს”,–აცხადებს კომპანია.
მათივე ცნობით, მეორე კორპუსში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა, საიდანაც გაზი ჟონავდა.
“სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე – 114, შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ. თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ქონდა მილი რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა”,– წერს “თბილისი ენერჯი”.
კომპანია აღნიშნავს, რომ კორპუსში მცხოვრებლები აფეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის.
“თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ, რადგან უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს რაც საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს ისე მეზობლებს”,– ვკითხულობთ განცხადებაში.