მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით სამგორში, თვარჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირეს. ისინი მეპატრონეებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობებს ინსპექციის სამსახური დაანგრევს.
“ვინაიდან დამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრა, კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამღვევი ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერს და უახლოეს ვადაში მოახდინოს შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, 4 დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია შესაბამისად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს”, – თქვა ლევან ჯღარკავამ.
მისივე მტკიცებით, მუნიციპალური ინსპექცია მხოლოდ იმ შენობებს ანგრევს, რომელშიც ადამიანები არ ცხოვრობენ.
“მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო დემონტაჟის განხორციელებაზე, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ, რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, – განაცხადა ჯღარკავამ.