საკვებს იღებ მხოლოდ საკანში, სამედიცინო ოთახში – მედიკამენტებს — სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქილები, რომლის ფოტოებიც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, მას არ მიუღია.

“ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ” , – აცხადებს ექსპრეზიდენტი.

მისივე განმარტებით, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში.

“ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით – ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს”,– აღნიშნავს სააკაშვილი.