„ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ქართული მედიასაშულებებისათვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება აღმოჩნდა. ამასთან სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების და ხელისუფლების პოზიციის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციის.“ – ასე შეაფასა „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინათის ხიდაშელმა მედიამონიტორინგის ანგარიში, რომელიც „დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის” მიერ მომზადდა პროექტის – „ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი – ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“, “სამოქალაქო იდეასთან“ თანამშრომლობით.
- როგორც ანგარიშშია აღნიშნული:
ტელეკომპანია „იმედმა“ ფართოდ გააშუქა ევროკავშირის რეკომენდაციების თემა. არხი ტენდენციური იყო ხელისუფლების მიმართ და, შესაბამისად, საკითხი ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერ ტონში შუქდებოდა. ოპოზიცია კი ნახსენები იყო მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში და ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის ხელისშემშლელ აქტორად. წამყვანები, ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ ცინიკურ დამოკიდებულას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ევროპარლამენტარების და ელჩების მიმართ;
☑ „ტელეკომპანია პირველმა“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თემა გააშუქა დაბალი ინტენსივობით და ცალმხრივად, სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ, რომ ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანიაში სტუმრობაზე. არხს, კონკრეტულად, თოქშოუებში ჰქონდა მხოლოდ ოპოზიციის მოსაზრებები, ხელისუფლების პოზიციას კი მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებებში სთავაზობდა, თუმცა ნეგატიურ კონტექსტში. „ტელეკომპანია პირველი“ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და ხელისუფლების ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეფასებული იყო, როგორც უარყოფითი და ქვეყნის წინსვლაში ხელისშემშლელი;
☑ ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 12–პუნქტიანი გეგმის გაშუქებისას უფრო დაბალანსებული და ნეიტრალური ტონით გამოირჩეოდა. აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს. 12 რეკომენდაციის საკითხი, პოლიტიკურ „თოქშოუებში“ რამდენჯერმე იყო გადაცემის მთავარი თემა და ეს გადაცემები იყო შინაარსობრივად დაბალანსებული. საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. გადაცემებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები და აზრთა მრავალფეროვნება მეტ–ნაკლებად იყო დაცული;
☑ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მაუწყებელს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ, ნეიტრალურად გაშუქების მცდელობები ჰქონდა, თუმცა, ხელსუფლების პოზიციის მიმართ ტენდენციურობით და ლოიალური განწყობებით გამოირჩეოდა. ასევე, უფრო ხშირად უთმობდა დროს ხელისუფლების წარმომადგენელების პოზიციას. არხზე ტენდენციის ხასიათი აქვს სიუჟეტების დასრულებას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებით;
☑ ონლაინმედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, სატელევიზიო მედიასთან შედარებით. თუმცა, შერჩეული სამი სააგენტოდან ერთი – pia.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით, დადებითი გაშუქების ტონით, ხოლო tabula.ge ნაკლებ ინტერესს იჩენდა ზოგადად, პროცესის გასაშუქებლად და უფრო მეტად, გამოირჩეოდა გაშუქების ნეგატიური ტონით. რაც შეეხება interpressnews.ge-ს – აშუქებდა ყველა მხარის თითქმის ყველა ნიუსს. გაშუქების ტონი უმეტესად ნეიტრალური იყო.
☑ ონლაინმედიის ყველაზე დიდ გამოწვევად 12 რეკომენდაციაზე მუშობის პროცესის ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა; მონიტორინგისთვის შერჩეული საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 4 ტელეარხი (“იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებელი“, “პალიტრანიუსი“, “ტვ პირველი“) და სამი საინფორმაციო სააგენტო (“pia.ge“, “interpressnews.ge“, “tabula.ge“). ტელეარხების შემთხვევაში განხორციელდა მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების მონიტორინგი.
მონიტორინგის პერიოდი: 3 თვე / 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე.
კვლევის შედეგები ვრცლად იხილეთ შემდეგ ლინკზე https://bit.ly/3Ihtxln