ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს (გამრეკელი) თქმით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი ჩატარდება, ხოლო შემდეგ წინაპრებს აღდგომას მიულოცავენ, ამიტომ იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა საფლავზე გასვლაში ხელს არ შეუშლით.
,,რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენი ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ,” – განაცხადა მეუფე იოანემ.
მთავრობამ 17 აპრილიდან, 10 დღის განმავლობაში, 27 აპრილამდე ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა დააწესა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.