სამწუხაროა ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები, აშშ აკვირდება საარჩევნო გარემოს – დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, როდესაც ესმის ამომრჩევლის დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.

მისი თქმით, აშშ აგრძელებს საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დებატები მნიშვნელოვანი წყაროა , რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებულად შეძლოს არჩევნებზე წასვლა“, – განაცხადა ელჩმა.