სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ – ენმ

სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ერთ-ერთი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგს ეხმაურება.

“დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არმედ 8.

8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ”.  – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.