“სამწუხაროა, რომ კომპეტენციაზე მითითებები დაგვჭირდა” – მდინარაძე ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე

“სამწუხაროა, რომ კომპეტენციაზე მითითებები დაგვჭირდა” – ასე ეხმაურება, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქარაძის დანიშვნას და ასევე “სამწუხარო ფაქტს” უწოდებს, იმას რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მხრიდან კომპეტენციაზე მითითებები დასჭირდა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა, ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით. მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი – კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ყველა კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ. ეს ყველაფერი არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას. ასეც მოიქცა”- აცხადებს მდინარაძე.

სალომე ზურაბიშვილმა, ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ამჯერად ხელი მოაწერა, თუმცა  22 ივლისს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან, 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა.  “5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან”.- განაცხადა სალომე  ზურაბიშვილმა.