სამწუხაროდ პუტინი მზადა არ არის უკრაინაში ომი დაასრულოს

სამწუხაროდ, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ პუტინი მზად არის უკრაინაში ომი დაასრულოს, – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ  რუსულ ოპოზიციურ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კირბის თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის სურვილით გრძელდება, პუტინს სურს განაგრძოს უკრაინელების ხოცვა, შეიყვანოს სამხედროები უფრო შორს უკრაინის ტერიტორიაზე.

კირბის აზრით, ეს არის ომი არა დასავლეთის ან შეერთებული შტატების, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და პუტინი ამ ომის გრძელებისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ახალ სამხედროებს რიცხავს და ყიდულობს დრონებს ირანისგან, რასაც არ გააკეთებდა ომის დასრულება რომ სურდეს.

„პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ ის მზადაა დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები”, – აღნიშნა კირბმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსი ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას იწვევს, კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება.

„პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება.”- თქვა კირბიმ.