თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას.
მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობის “მინისტრის სტიპენდიას” მიიღებენ.
“განათლება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50 პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამხედრო მოსამსახურეების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის ვაწესებთ სემესტრულ, 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას”, —აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
უწყების ცნობით, ასევე, იგეგმება პროექტის – “ჩვენი ჯარი” ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.