სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებისთვის ევროკავშირი უკრაინაში გამომძიებლებს გაგზავნის

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის უკრაინაში გაგზავნოს გამომძიებელთა ერთობლივი ბრიგადები ევროპოლიდან და ევროიუსტიდან (ევროკავშირის სააგენტო, რომელსაც საქმე აქვს სასამართლო ორგანოებთან), რათა დოკუმენტურად დაადასტუროს სამხედრო დანაშაულები.

ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, რომელიც “ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებს ეხებოდა.“

გამომძიებლების მუშაობა უკრაინის გენპროკურატურასთან იქნება კოორდინირებული.

ბუჩის ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ფოტოებმა და ვიდეოებმა საერთაშორისო საზოგადოების შოკი და რუსული ჯარების ქმედებების დაგმობა გამოიწვია, რომლებსაც ამ მკვლელობაში ედებათ ბრალი. კრემლის რეაქცია ადვილად პროგნოზირებადი იყო: მან ამ ფაქტებს ფეიკი, დადგმა და პროვოკაცია უწოდა.

მანამდე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მოხდება მოკლულთა ცხედრების ეგსგუმაცია და იდენტიფიცირება, რათა გარანტირებული იყოს სამხედრო დანაშაულების სწორი გამოძიება.