უკრაინისთვის ყველაზე საშიში ჰიპერბგერითი „კინჟალის“ ტიპის რაკეტებია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას უჭირს მათი ჩამოგდება.
“მხოლოდ კინჟალის რაკეტა არის ჩვენთვის პრობლემა. რადგან ის ჰიპერბგერით ითვლება. ტრაექტორიის ცალკეულ მონაკვეთში ის ავითარებს ასეთ სიჩქარეს. რუსებმა ის ჩვენ წინააღმდეგ სამჯერ გამოიყენეს და სამჯერ, ყველა რაკეტამ მიაღწია მიზანს, ჩვენ ვერ ჩამოვაგდეთ. ის საჰაერო ბაზაზეა და იმ ზონაში, სადაც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ და ჩამოვგდოთ. ამ რაკეტას აქვს ყველაზე მაღალი სიჩქარე“, – განმარტა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა. ინტერვიუ TSN.ua-სთან.
თუმცა ჟდანოვს ასევე არ სჯერა, რომ „კინჟალი“ ჰიპერბგერით რაკეტად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ანადგურებს “ონიქსებს”. “ოდესა და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები ხშირად იბომბებოდა. ჩვენ გვაქვს ამ რაკეტის ჩამოგდების გამოცდილება”, – დაასკვნა ჟდანოვმა.
„კინჟალის” ტიპის რაკეტა „ისკანდერის“ მოდერნიზებულ აერობალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს, რომლის სტარტი არა მობილური სახმელეთო სარაკეტო დანადგარიდან, არამედ – ზებგერითი მიგ-31-ის ტიპის მძიმე ავიაგამანადგურებლის ბორტიდან ხდება.
12-15 კმ-ის სიმაღლეზე ზებგერითი, 2 ათას კმ/სთ სიჩქარით მფრენი მიგ-31-იდან სტარტს იღებს „კინჟალის“ რაკეტა, ადის 20 კმ სიმაღლემდე, ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს (14 ათასს კმ/სთ-ზე მეტს) და არანაკლებ 2 ათასი კმ-ის რადიუსში, რამდენიმე მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს, რომლის დროსაც 500 კგ მასის საბრძოლო ქობინი ფეთქდება.
„კინჟალის“ რაკეტა იცვლის ფრენის მიმართულებას, პარალელურად კი ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს. თავად რაკეტის კორპუსი დამზადებულია „სტელსის“ ტექნოლოგიით ( რადიოლოკატორებს უჭირთ მისი დროულად აღმოჩენა). „კინჟალის“ ჩამოგდება მხოლოდ თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემებით არის შესაძლებელი, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას, სამწუხაროდ, შეიარაღებაში არ აქვს.
„კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.