The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, არ სჯერა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. მისი თქმით, მთავარია შეცდომები გამოსწორდეს.
„მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, – აცხადებს ლუკ კოფი ამერიკის ხმასთან საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად ამერიკის საელჩოს განცხადებებისა, ამერიკა უფრო მეტად უნდა ჩაერთო პროცესებში და მათ შორის, სახელმწიფო მდივანი საქართველოს უნდა ეწვიოს.
„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში“, – ამბობს ლუკ კოფი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზიდან უკან იხევს.