ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობა, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს. ამის შესახებ, მოწმემ კონსტანტინე ციხისთავმა, რომელიც წარსულში კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ვახო სანაიასთან ისაუბრა.
კონსტანტინე ციხისთავი წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.
ციხისთავის თქმით, ვინაიდან ჭიჭიაშვილის დაგჯუფების წევრი იყო, პირადად მოისმინა, როგორ მისცა ჟურნალისტის მოკვლის დავალება თამაზ თამაზაშვილმა კრიმინალურ ავტორიტეტს. მოტივი კი ის იყო, რომ გიორგი სანაია, თავისი ჟურნალისტური საქმიანობით, პანკისში მათ გეგმებს ხელს უშლიდა. რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა. ამას უკვე თამაზაშვილი ეუბნება ჭიჭიაშვილს, ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი… თამაზაშვილმა უბრალოდ უთხრა ჭიჭიაშვილს, შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო… მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო… მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე”, – ამბობს ციხისთავი.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს.
პატიმარი კოტე ციხისთავი გიორგი სანაიას მკვლელობაში ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს ჯერ კიდევ 2018 წელს ადანაშაულებდა. მაშინ ის პატიმარი იყო, “რუსთავი 2”-ში ციხიდან დარეკა და ტელევიზიას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან თქვა ისიც, რომ სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ამის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ვახო სანაიაც, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.