“სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება „ –ლუკაშენკო ქარხნის მუშებს, რომლებიც სკანდირებდნენ “წადი!“

როგორც დაანონსებული იყო, ორშაბათს ლუკაშენკო მინსკის ტრაქტორების ქარხანაში მივიდა – ეს არის ერთ ერთი ქარხანა, სადაც პარასკევს მუშათა გაფიცვა დაიწყო. ქარხანა მინსკის ტერიტორიაზე მდებარეობს: ლუკაშენკო იქ ვერტმფრენით მივიდა, რომელიც საწარმოს შიდა ეზოში დაჯდა. ლუკაშენკო თან ახლდა უმცროსი შვილი ნიკოლაი, რომელიც გუში დამოუკიდებლობის მოედანზე მის მხარდამჭერ მიტინგზეც იმყოფებოდა. ვერტმფრენიდან გადმოსვლისთანავე ლუკაშენკო გაფიცულ მუშებს კიდევ ერთხელ დაემუქრა სამსახურიდან გაშვებით.

“ვიცი, რომ ვიღაცეები დაბოდიალობენ… რომელიღაც საწარმოში 150…, მაქსიმუმ 200… ეს ამინდს არ ქმნის ჯერ ერთი, და მეორეც: უნდა გესმოდეთ, რომ “ცუდი პრეზიდენტი“ ზედმეტ თანამშრომლებს ინახავდა, რომ ხალხი ქუჩაში არ გაეყარათ. აქედან უნდა ამოვიდეთ. ვისაც მუშაობა უნდა, იმუშაოს, ვისაც არ უნდა, არ ვაიძულებთ“– თქვა მან.

ლუკაშენკომ მუშებს უთხრა, რომ განმეორებითი არჩევნები არ იქნება.

“ვერ ეღირსებით, რომ ზეწოლით რამე გავაკეთო. ახალი არ ჩევნები არ იქნება. ახალი არჩევნები გნდათ? გიპასუხებთ. არჩევნები უკვე ჩავატარეთ. სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება“. – თქვა ლუკაშენკომ.

ქარხნის მუშები მას შეძახილებით “წადი!წადი!“– დახვდნენ

მოგვიანებით სააგენტო ბელტას ცნობით ის მინსკის საავტომობილო ქარხნის ერთ–ერთ საამქროს ესტუმრა და მუშებს ურჩია “იაფონ–ტელეფონებით“ კი არა, ტვინით იაზროვნონ. ამ საწარმოს მუშებიც გაფიცულები არიან.

დღეს ბელორუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც მთელი ქვეყნის უმსხვილესი საწარმოები მონაწილეობენ. ქარხნების თანამშრომლები ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევნებში ყველა კანდიდატის დაშვებას, ყველა პოლიტპატიმრის გაავისუფლებას და იმ ადამიანების გადადგომას ითხოვენ, ვინც ქვეყანაში ძალადობა დაუშვა, მათ შორის შსს–ს და სპეცდანიშნულების რაზმების ხელმძღვანელობის გადადგომას.