წინა დღეს ვიკამათეთ, გვქონდა ცხოვრებისეული კონფლიქტები – დაკარგული მოზარდის მამა

სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მე–7 დღეა ეძებენ. მისი მამა, დავით ფილფანი დარწმუნებულია, რომ მოზარდი სახლიდან გაქცევისთვის რამდენიმე კვირით ადრე ემზადებოდა.

მისივე თქმით, პატარა “კონფლიქტები” ჰქონდათ და სახლიდან გასვლამდეც იკამათეს.

“დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს.

ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია აქ დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა.

გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ გავიდოდა სახლიდან, რაღაცაზე ვიკამათეთ. უკვე ამ დროს, ვფიქრობ, გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი,  თუმცა ვერ მივაგენი ვერსად”,-ამბობს დავით ფილფანი “ფორმულასთან” საუბარში.

ის ვარაუდობს, რომ მოზარდი ყველაგან შესაძლოა იყოს- სვანეთშიც, ზღვაზეც და თბილისშიც.

დავით ფილფანის თქმით, ერთ ადგილზე ორი დღის განმავლობაში ორი კვალი ნახა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შვილი იმ ადგილას გადაადგილდებოდა.

“ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ.

მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა.

როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს  – ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც.  ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ – პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული”, – აცხადებს ილია ფილფანი.

შეგახსენებთ, როომ 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.