ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 1 მარტამდე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი ძალაში დატოვოს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი აკრიტიკებს და თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა სახალხო პროტესტი მოჰყვეს.
“საერთოდ პანდემიისას განხორციელებული ზომების გამო ხელისუფლების კრიტიკას ვერიდები. ჯერ ერთი არ მიმაჩნია საკუთარი თავი კომპეტენტურად ამ საქმეში, გარდა ამისა, მესმის, რომ ობიექტურად რთული მდგომარეობაა და ამ ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა სრულიად ელემენტარული მავნებლობაა.
მიზეზი ამგვარი აკრძალვისა თითქოს არის ის, რომ შეამციროს მოსახლეობის მობილობა და გადააადგილება, მაგრამ რეალურად აქ მოქმედებს სულ სხვა ფაქტორები, კერძოდ:
ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად გადაადგილდებიან საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ამ ფენას კი ხელისუფლებაში, მოლების მეპატრონეებისგან განსხვაავებით, არ ჰყავს ლობი, ანუ ხელისუფლებას არავინ აწუხებს ამ ფენის ინტერესების გამო. შესაბამისად, იქაც არ ენაღვლებათ.
ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვას ჭირდება სერიოზული კონტროლი და ხელისუფლებაში ეზარებათ ამის ორგანიზება და შესაბამისი რესურსის მოძიება. თუ ასი ათასი მომიტინგე არ დგას ქუჩაში, რატომ უნდა შეიწუხონ თავი? აკრძალვა ბევრად მარტივი გზაა.
გ) თვითონ არ აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მშვენივრად მოძრაობენ საკუთარი თუ სამსახურის მანქანებით.
ამიტომაც დაიჩაგრა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტად. უფრო სწორად, ჩვენ დავიჩაგრეთ, ამ ტრანსპორტით ვინც ვსარგებლობთ.
საქართველოს მთავრობა, ნორმალურია ვითომ ეს? სანამ მართლა ასი ათასი გადარეული მოქალაქე არ გამოგივარდებათ, მანამდე არ უნდა შეიბერტყოთ ყური?“– ამბობს დავით ზურაბიშვილი.