სანამ მოსამართლე გავხდები, გადავდგები – იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ვიდრე ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდება, იუსტიციის მინისტრობიდან გადადგება.

გოჩა ლორთქიფანიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

„რაც შეეხება ჰააგაში პროცესს, ამ მომენტისთვის, მე ვარ არჩეული მოსამართლე. არჩეულ მოსამართლესა და მოსამართლეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლე გავხდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, იმ ვადაზე, რა ვადაშიც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას, შემდეგ ორგანიზაციული საკითხებია – სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხებით როდის ჩანიშნავს სასამართლო ამ პროცესს, შემდეგ უკვე მომიწევს გამგზავრება, რა თქმა უნდა, სანამ მე მოსამართლე გავხდები მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა და ის ჰააგის მოსამართლე 9 წლის ვადით იქნება. ახალ მთავრობაში თეა წულუკიანს ის შეცვლის.