2019-2020 წლებში მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა წითელათი ავადობა. ამის შესახებ ჯანმოსა და აშშ–ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდა. გასულ წელს წითელათი 869 770 ადამიანი დაავადდა. ეს 1996 წლის შემდეგ ყველაზე მღალი მაჩვენებელია.
ამასთან, 2016 წლიდან მოყოლებული წითელათი სიკვდილიანობა გაორმაგდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი უწყინარ საბავშვო დაავადებად თვლის. გასულ წელს მსოფლიოში წითელას დაავადებით 207 500 ადამიანი გარდაიცვალა.
ექსპერტები სამწუხარო სიტუაციას იმას უკავშირებენ, რომ ბევრი ბავშვი დროულად ვერ იღებს წითელასგან დამცავი MCV1 და MCV2 ვაქცინების ორმაგ დოზას. ამ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის 95% უნდა იყოს აცრილი. მსოფლიოში MCV1–ით ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი 85%–ს შეადგენს MCV2–ით ვაქცინაციისა კი 71%–ს.
“მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, როგორ არ უნდა დავუშვათ წითელას აფეთქება. ერთობლივი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“– ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი.
2020 წელს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებულმა ზომებმა მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
26 ქვეყანაში წითელას აცრა 94 მილიონი ადამიანისთვის კარანტინის გამო გადაიდო და მხოლოდ 8 ქვეყანაში განახლდა (ბრაზილია, ნეპალი, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ნიგერია, ეთიოპია, სომალი)
“ერთ მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლა მეორე დაავადების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. აუცილებელია ყველა ინფექციისგან იმუნიზაციის გაგრძელება, რომელთა წინააღმდეგაც ვაქცინები არსებობს“ – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტ ფორი.
“მართალია მთელი მსოფლიოს ჯანდაცვა კოვიდ 19–ით არის დაკავებული,მაგრამ არ შეიძლება შესუსტდეს სხვა ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა. წითელა ასი პროცენტით შეიძლება აღიკვეთოს. მისგან არავინ უნდა კვდებოდეს“– ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია Gavi–ს წარმომადგენელი სეტ ბერკლი. ეს ორგანიზაცია ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობის ვაქცინაციით არის დაკავებული.
წითელას ვირუსი ძალიან სწრაფად გადამდებია. 6 ნოემბერს ჯანმომ და იუნესკომ მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს სასწრაფო ზომები მიიღონ წითელას და პოლიომელიტის გავრცელების წინააღმდეგ. გაერო განსაკუთრებით შეშფოთებულია ნიგერიაში არსებული სიტუაციით, რომლის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს. წითელას ვაქცინაციის დონე კი სულ 54%–ს.
აქ ბოლო თვეებში წითელათი დაავადების 65000–მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1200 –მდე ადამიანი, ძირითადად ბავშვები. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გამაოგნებელია, როცა არსებობს უსაფრთხო, კარგად შემოწმებული, იაფი ვაქცინა.