უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი სამართლებრივად გამართულია, ამიტომ სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვთ.
“არანაირი მოლოდინი სანქციების დაწესების არ გვაქვს, რადგან სამართლებრივი შეფასებები მოვისმინეთ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის და ეს არის სამართლებრივად გამართული საკითხი. მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ კინზინგერის განცხადება, რომ ეს საკითხი არ განიხილება”,– ამბობს პაპუაშვილი.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკურ შეფასებებს, პაპუაშვილის განცხადებით, ისინი უყურებენ დიდ სურათს, რომელიც არავისთვის არის სასიამოვნო, მათ შორის, არც ქართული ოცნებისთვის.
“დიდ სურათში რა თქმა უნდა, კარგად არ ჩანს, როცა პარტიის თუნდაც ფორმალურ თავმჯდომარეს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და ეს არის ოპოზიციის გეგმის ნაწილი, როცა მათი მხრიდან ხდებოდა დემონსტრაციულად კანონის დარღვევა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა, რომ მომხდარიყო მისი დაპატიმრება. მას შეეძლო ეს გირაო გადაეხადა და თავიდან აეცილებინა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება, მან საკუთარი თავი მოაქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”,– ამბობს პაპუაშვილი.