„საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.- ამ სახელწოდებით, ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი, რომლის კენჭისყრაც, 25 აპრილს გაიმართება.
პროექტში აგრეთვა ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების: კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, რომლის მსგავსიც მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.
„საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუციით, ევროპარლამენტი:
- გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო; მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა თავისი ტექსტითაც და სულისკვეთებითაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს ევროკომისიის რეკომენდაციის მინიმუმ ორ ნაბიჯს (1 და 9);
- გამოხატავს განგაშს, რომ რუსული სტილის საგარეო გავლენის აგენტების აქტის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციისკენ სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; მიაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია და საფრთხის ქვეშ დგება მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, როგორზეც რუსეთის ფედერაცია და მისი სხვა თანამოაზრე ქვეყნები დგანან;
- წუხს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი ძირს უთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მუშაობას, რომლებიც წარმოადგენენ საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ სუბიექტებს ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში;
- სჯერა რა, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროპარლამენტი დგას საქართველოს ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს;
- მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა კანონს; კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსადმი, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების წინაპირობად ამ კანონის გაუქმება აქციოს.
- მიაჩნია, რომ საგარეო გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს შუალედური ანგარიში ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ და წლიური ანგარიში, გამონაკლისის სახით, წარმოდგენილი უნდა იყოს ოქტომბრის დასაწყისში;
- მიმართავს პარტია „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს საგარეო გავლენის აგენტების კანონმდებლობის მიღებისგან და გაიწვიოს ის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივისთვის ძირის გამოთხრის თავიდან ასაცილებლად.
- ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.
რეზოლუციის ავტორები არიან დეპუტატები ევროპის სახალხო პარტიიდან:
მირიამ ლექსმანი,
მაიკლ გალერი,
რასა იუკნევიჩიენე,
დევიდ მაკალისტერი,
ანდრიუს კუბილიუსი,
იზაბელ ვიზელერ-ლიმა,
ტრაიან ბასესკუ,
ვლადიმირ ბილჩიკი,
ანდჟეი ჰალიცკი,
სანდრა კალნიეტე,
ლეოპოლდო ლოპეს ხილი,
ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი,
მიქაელა შოიდროვა,
ეუჯენ ტომაკი.