სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს შეეხება – რადას დეპუტატი

სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს შეეხება – ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურის” წევრი და რადას დეპუტატი იური კამელჩუკი მაიკ მაკფოლის დღევანდელ განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, სანქცირებული პირების სიის გაფართოებაზე მუშაობს. ამ სიაში რუსეთის 1000-ზე მეტი მოქალაქეა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ წინააღმდეგ სანქციები ჯერ არ დაწესებულა, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება. სამწუხაროდ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს მხარს უჭერენ. სამწუხაროდ ეს ეხება ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ იმ ადამიანების ვინაობას, ვისაც შეიძლება სანქციები დაუწესდეს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ქართველ მაღალჩინოსნებს, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს და იმ ადამიანებს შეეხება, ვინც შესაძლოა საქართველოში რუსული კონტრაბანდის მოხვედრას ხელს უწყობენ.

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ საქართველოში რუსული სანქცირებული ტვირთის კვალი ფიქსირდება. თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაუჭერს მხარს, მათ სანქციები აუცილებლად დაუწესდებათ. საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი თანამშრომლობა რუსეთთან, ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. ქართველმა ხალხმა უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და ეს არ დაუშვას. რუსეთთან, კრემლთან და პუტინთან,  ნებისმიერი თანამშრომლობა, მკვლელებისა და ტერორისტების მხარდაჭერას ნიშნავს.” ამბობს იური კამელჩუკი