სანქცირებული ფრიდმანი რჩება ”ბორჯომის” მეწილედ და ყველაზე მეტი ფული მას შესდის – ხოშტარია

”სანქცირებული ფრიდმანი რჩება ბორჯომის მეწილედ და ყველაზე მეტი ფული მას შესდის” – განაცხადა ”დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით,  საქართველოს მთავრობამ სანქცირებული რუსი ბიზნესმენისგან ბორჯომის აქციების 7.73%-იანი წილი შეისყიდა, თუმცა, 49.89% ისევ მიხეილ ფრიდმანს დაუტოვა.

“მოგიყვებით, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. ასევე, შეგახსენებთ, რომ იმედის პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე არის ასევე ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ ისიც მონაწილეობს ამ გარიგებაშიც, რომელშიც პრაქტიკულად ღიად მონაწილეობს სახელმწიფო.

კომპანია ბორჯომის 57,72%-ის მფლობელი იყო მიხეილ ფრიდმანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაასანქცირეს, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოსგან ამაზე მოთხოვნილი იყო რეაგირება. როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება, მსგავსი სანქცირებული პირი თეთრს არ უნდა იღებდეს მსგავსი ბიზნესიდან, ამის ნაცვლად, სახელმწიფომ მისგან შეისყიდა 7.73%-იანი წილი, თუმცა, 49.89% მიხეილ ფრიდმანს დაუტოვა.

ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე მიხეილ ფრიდმანს შესდის ბორჯომიდან უდიდესი შემოსავალი. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ამაზე საუბრობდა მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მინისტრი და ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ პრესაშიც გავრცელდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხს სჭირდება კარგად შესწავლა. ჩვენ ყველაფერს გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს, იმიტომ, რომ  მაშინ, როდესაც ამ ფულით ფინანსდება სისხლიანი კამპანია, ადამიანების ხოცვა უკრაინაში, სანქცირებული პირი, ფრიდმანი ქართული ბორჯომიდან ფულს არ უნდა იღებდეს” – თქვა ხოშტარიამ