საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, და აღნიშნავს, რომ უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. “სასამართლოს“ მიერ “მიესაჯა“ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ “აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.
“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით” – წერია სუს-ის განცხადებაში.