ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბოლო პერიოდში საოლქო და საუბნო კომისიების წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა.
მათი ცნობით, დაფიქსირდა, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა.
“ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით. ასეთი ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიის საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს.
ეს არის ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენება და ცალსახად მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვის და რეპუტაციის დაზიანებისკენ“,– აცხადებს ცესკო.
კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება.
“არჩევნებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება და ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე სრული დატვირთვით მუშაობა იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.
საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე მოუწოდებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი და ხელი შეუწყონ პროცესის გამჭირვალობას და არჩევნების სანდოობას”, — აღნიშნულია განცხადებაში.