საოლქო კომისია განუხილველად ტოვებს ოპოზიციის საჩივრებს – თამარ კორძაია

ენმ–ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ დღეს უკანონობის მეორე ტალღა დაიწყო – საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს ოპოზიციის საჩივრებს.

“დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო და გადავედით უკანონობის მეორე ტალღაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ საოლქო კომისია განუხილველად ტოვებს ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს. ცესკო მიხვდა, რომ ჩიხში შევიდა და ვერ აუვა იმ საჩივრების განხილვას, დარღვევების იმ სიდიდის გამო, რითაც მან ჩაატარა არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ საჩივრებით მაინც მივაღწიოთ სამართლიანობას, თუნდაც, ფორმალურად”,– ამბობს კორძაია.

ის ცესკოს მოუწოდებს, რომ უკანონობა დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხალხი გასცემს პასუხს.

“არჩევნები არის მიტაცებული და ამ წუთებში ამ მიტაცების გაფორმება მიმდინარეობს და გრძელდება საოლქო საარჩევნო კომისიებში”, – ამბობს თამარ კორძაია.