2024 წლის 28 სექტემბერს ”ქართული ოცნება” და მისი საპატიო ლიდერი კახეთში ჩავიდნენ და კახელებს შეახსენეს, როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათზე. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ იამაყა იმით, რომ რუსული ბაზარი გახსნა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა არათუ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეერთებოდა, არამედ საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ პირობად სწორედ რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები გამოაცხადა. ოცნების ლიდერები დღესაც იმეორებენ, რომ ამით ქართული ეკონომიკა გადაარჩინეს.
2022 წელს რუსეთ–საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი ძირითადად საწვავის, რუსეთში ექსპორტი კი ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. რუსეთში სანქციების გამო აკრძალული დასავლური ავტომობილების შეტანის მთავარ გზად საქართველო იქცა. თუმცა, ექსპორტის ზრდას კიდევ ერთი კომპონენტი ქონდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში. თუ 2021 წელს რუსეთში 130 მილიონი დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 160 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წელს კი 168 მილიონ დოლარამდე.
პარალელურად შემცირდა სხვა ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა. დღეს ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი უკვე 73 პროცენტია, როცა 2021 წელს 58% იყო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა და სხვა ქვეყნების ნაწილმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, რაც ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის შეზღუდვასაც მოიცავდა.მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდმა მწარმოებლებმა – საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, გერმანიამ, პორტუგალიამ მკვეთრად შეამცირეს რუსეთში ღვინის ექსპორტი ან სრულად შეწყვიტეს. მათ შეუერთდნენ შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია და ავსტრალია. ასევე ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა.
რუსეთის მთავრობამ თავადაც დააწესა საპასუხო სანქციები და შეზღუდვები გარკვეული დასავლური პროდუქტების, მათ შორის ღვინოების, შეტანაზე და აქცენტი შიდა ღვინის წარმოების განვითარებაზე, ასევე იმ ქვეყნების ღვინის იმპორტზე გააკეთა, ვინც სანქციებს არ შეუერთდნენ, მათ შორის ბელორუსთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანასთან ერთად არის საქართველო, რომელიც რუსულ ბაზარზე შემცირებული კონკურენციის პირობებში აღმოჩნდა.
ვინ გაიმართა წელში რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდით, ვინ მიიღო შემოსავლები და ვინ აღმოჩნდა ყველაზე ნიჭიერი სახელმწიფო პროგრამების .თანხების და შეღავათების მიღებაში.რა მოიგო ამით ბიუჯეტმა და ქვეყნის ეკონომიკამ.
ვინ არიან კომპანიები და პირები, ვინც რუსეთში ღვინის ექპორტით ყველაზე დიდი მოგება ნახეს. ირკვევა, რომ მათი უმრავლესობა ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვლთან არის დაკავშირებული. ბიუჯეტი კი მათ ისევე აძლევს მილიონებს, როგორც საოცნებო რუსული ბაზრის გახსნამდე აძლევდა.
ფინანსთა სამინისტრო ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების სიას არ ამხელს და გვწერს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის თანახმად ეს ინფორმაცია, წარმოადგენს საბაჟო საიდუმლოებას, რომელიც სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის არსებობისას.
ინფორმაციას რუსეთში ღვინის 10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიების შესახებ გასცემს სტატისტიკის სამსახური, თუმცა რეალური რიგითობის გარეშე და ამ მონაცემში არ არის მითითებული, რა რაოდენობის ღვინო გაყიდა რუსეთში ცალკეულმა კომპანიამ.
თუმცა, ეს ზოგადი სიაც საკმარისია იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიები არიან. ათი კომპანიიდან რვა კი ქართული ოცნების შემომწირველი. ესენია:
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
- სააქციო საზოგადოება კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანა
- შპს ბოლერო და კომპანია
- შპს ჯივიემთი ჯგუფი
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
- შპს ასკანელი ძმები
- შპს წინანდლის ძველი მარანი
- სს ბადაგონი
ამ კომპანიებმა ქართულ ოცნებას ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ლარი შეწირეს, მათთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა კომპანიებმა და პირებმა კი გაცილებით მეტი.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი, რაც მათ ქართულ ოცნებასთან და ერთმანეთთან აკავშირებთ.
რუსეთში ღვინის ექსპორტიორ კომპანიებში სამი მსხვილი ჯგუფი იკვეთება, რომლებიც ბაზრის ყველაზე დიდ წილს ფლობენ, ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული და სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან მილიონებს იღებენ.
”კომპანია ”ბოლერო” არის ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი საქართველოში. რთველის დროს მათთან სატვირთო მანქანების რიგი არ წყდება”. – ასე პოზიციონირებს საკუთარ თავს საიმიჯო როგოლში კომპანია ბოლერო ენდ კომპანი, რომელიც საქართველოში ღვინის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რუსულ ბაზარზე მსხვილი ექსპორტიორი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფია. კომპანიის საიმიჯო რგოლებში საუბარია იმაზე, თუ რა წარმატებული და მომგებიანია მათი ბიზნესი.
- ”ქართული ღვინისთვის დღესდღეობით მე ვფიქრობ, რომ არის აღორძინების პერიოდი.
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობების ეპოქა” .- ამბობს ”ბოლეროს” გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური.
ირაკლი ბექაურისთვის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ქართული ოცნების მმართველობის წლები მართლაც შესაძლებლობების ეპოქა აღმოჩნდა.აღორძინების ხანა კი ბოლერო და კომპანიისთვის 2017 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც მისი 100%–იანი წილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა, რუსეთის მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილმა იყიდა.
კარიჭაშვილი ასევე ფლობს რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში მოხვედრილ კიდევ ერთ კომპანიას – ჯივიემთი გრუპს. ბოლერო და კომპანია
კი კიდევ ერთი კომპანიის – გრუზვინპრომის მფლობელია. ეს უკანასკნელი ბოლერო და კომპანიამ 2015 წელს სახელმწიფოსგან 31 მილიონ 105 ათას ლარად შეიძინა. ამ შენაძენს თან მოჰყვა 4.7 ჰექტარი ნაკვეთი და მასზე განთავსებული 26 ერთეული შენობა-ნაგებობა გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე. მას შემდეგ გრუზვინპრომის დირექტორი მამუკა ფოთოლაშვილია, რომელმაც წლების წინ ბოლერო და კომპანია დააარსა, შემდეგ კი ვახტანგ კარიჭაშვილს მიჰყიდა.
ვახტანგ კარიჭაშვილი, ათობით კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომლებიც უცნაური დამთხვევით, სახელმწიფოსგან სხვადასხვა გზით მილიონებს იღებენ, ამ კომპანიების წარმომადგენლები კი ქართულ ოცნებას სხვადასხვა თანხებს სწირავენ. მაგალითად, ერთ–ერთია კომპანიაა ივერია ინ, სადაც კარიჭაშვილი 30%–ს ფლობს. ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან პირდაპირი კონტრაქტებით 7 მლნ 339 180 ათასი ლარი მიიღო. 30 გამარტივებული შესყიდვიდან სასტუმროს მომსახურებაზე უმრავლესობა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა. კომპანიის ერთ–ერთ მოწილეს, პაატა კოკაიას ქართული ოცნებისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული. ეს მხოლოდ მცირე ნაწილი და ერთი მაგალითია. ვახტანგ კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია კომპანიაში მელიქიშვილი ინ, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ვახტანგ კარიჭაშვილი და უჩა მამაცაშვილი წილს თანაბრად– 50–50 პროცენტს ფლობენ. მისი შექმნის მომენტში მისამართად ბოლერო და კომპანიის დირექტორის თანხმობით, რომელიც რეესტრში იძებნება, იურიდიულ მისამართად სწორედ ბოლერო და კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართის მისამართი დაფიქსირდა მარშალ გელოვანის გამზირზე. მელიქიშვილი ინმა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო აფიშა ააშენა. სასტუმროს გახსნას რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების ლიდერები ესწრებოდნენ.
თუმცა, ამჯერად, ვახტანგ კარიჭაშვილის მხოლოდ იმ კომპანიებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ღვინის წარმოებასთან და რუსეთში ექსპორტთან არიან დაკავშირებული.ესენია:
ბოლერო და კომპანია
GVMT/ჯივიემთი
გრუზვინპრომი
ყველა მათგანს კარიჭაშვილის მფლობელობის და რუსულ ბაზარზე ექსპორტის გარდა ის აერთიანებს, რომ ისინი და მათთან დაკავშირებული პირები ქართული ოცნების შემომწირველები არიან. ასევე მიღებული აქვთ სოლიდური თანხები ბიუჯეტიდან სუბსიდიების და სხვადასხვა აგროპროგრამების გზით.
ბოლერო და კომპანიის დირექტორს, ირაკლი ბექაურს ქართული ოცნებისთვის 267 000 ლარი აქვს შეწირული.
- უშუალოდ ბოლერო და კომპანიას – 120 000 ლარი
- კომპანიის კიდევ ერთ დირექტორს, დავით ბოჭორიშვილის – 80 000 ლარი.
- მამუკა ფოთოლაშვილს, რომელიც გრუზვინპრომის დირექტორია, წარსულში კი ბოლერო და კომპანიის მფლობელი იყო, ქართული ოცნებისთვის – 50 000 ლარი აქვს შეწირული.
- GVMT-ს დირექტორს, გიორგი ბოლოთაშვილს – 16 000 ლარი.
- ბოლეროს ყოფილ დირექტორს, თორნიკე მახათაძეს – 15 000 ლარი.
- კიდევ ერთ ყოფილ დირექტორს, ლერი რაზმაძეს კი 9000 ლარი.
ეს თანხები ჯამში 557 ლარს შეადგენს, თუმცა ეს გრძელი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. ამ ჯგუფთან დაკავშირებული ყველა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობის დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ჯაჭვი ამ სამი კომპანიით არ მთავრდება და სხვადასხვა ფორმით გრძელდება. სრული სურათის აღდგენას კი მაშტაბური გამოძიება ჭირდება.
მაგალითად, ქართული ოცნების კიდევ ერთი შემომწირველი გიორგი დამენიაა – 120 000 ლარით. ის ვახტანგ კარიჭაშვილის პარტნიორია სულ სხვა კომპანია ჯი ეს პი გრუპში, სადაც დირექტორი ასევე ბოლერო და კომპანის დირექტორი ირაკლი ბექაურია. კომპანია სპირტიანი სასმელების მწარმოებელია, თუმცა რუსეთში მსხვილ ექსპორტიორთა სიაში არ გვხვდება.
გიორგი დამენია ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთ კომპანიაშია ჩნდება –შპს კ და ქართულ სპირტში, სადაც 80%–ს ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს, 20%–ს კი გიორგგი ღამბაშიძე, ის დირექტორის თანამდებობას ირაკლი ბექაურთან იყოფს.
ჯაჭვი აქ უკვე გიორგი დამენიას მეშვეობით გრძელდება და ისევ ივანიშვილის ოჯახთან მიდის. გიორგი დამენია ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის პარტნიორია კომპანია ტორნადო + ში. ის აქ 40%–ს ფლობს, 39.5%–ს კი ალექსანდრე ივანიშვილი. ამ კომპანიას და მის დამფუძნებლებს ჯამში ქართული ოცნებისთვის 665 767 ლარი აქვთ შეჭირული, თუმცა ის ღვინის ბიზნესს არ უკავშირდება და დღეს მასზე არ ვისაუბრებთ. ალექსანდრე ივანიშვილის ღვინის ბიზნესზე კი მოგვიანებით.
ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, რომლებიც რუსეთში ღვინის ექსპორტით არიან დაკავებული ჯამში სახელმწიფოს სხვადასხვა აგროპორგრამებიდან 2017–2023 წლებში 15მილიონ 889 ათასი ლარი მიიღეს. მხოლოდ გრუზვინპრომმა 2020–2024 წლებში მოსავლის მართვის კომპანიისგან 4,860,232.11 ლარი მიიღო. სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 2022 წელს 1 243 984 ლარი. ვახტანგ კარიჭაშვილი ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანიის 100 პროცენტის მფლობელია. მილადა ინტერნეიშენელმა, რომელიც სპირტიანი სასმელების დისტილირებას ახდენს, ერთიანი აგროპოროექტების ბიუჯეტიდან 2017–2023 წლებში 3 474 945 ლარი მიიღო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: უჩა მამაცაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორი, რუსეთის მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინაში რუსეთის „ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში“ მოხვდნენ და შესაბამისად სანქციების ქვეშ არიან.
უკრაინის მიერ სანქცირებულია თავად „ბოლერო და კომპანიაც“. ოფიციალური უკრაინის პოზიციის შესაბამისად „კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და, შესაბამისად, აფინანსებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კომპანიის მენეჯმენტს არ ჰქონია რაიმე მცდელობა დაეგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ”. სხვა ფაქტორებთან ერთად სწორედ ამ საფუძვლით განხორციელდა ქართული კომპანიების სანქცირებულთა სიაში შეყვანა. სხვა საფუძველი კი ის არის, რომ ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესაბამისად, ბოლეროს რუსული პარტნიორი კომპანია შპს „ლუდინგ-თრეიდი“ (TIN 7705444495) ეწევა ქართული პროდუქციის უკანონო რეალიზაციას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათი კიდევ ერთი რუსი პარტნიორი კომპანია შპს Logistics Alternative (TIN 2311147190) დაკავშირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძესთან ალექსანდრე ვინოკუროვთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეამ ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირების შესახებ კვლევა ჩაატარა.ყველაზე თვალშისაცემი მათთვის სწორედ რუსეთში ღვინის ექსპორტიორი კომპანიები აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო გააქვთ, ამ კომპანიებს კიდევ რამდენიმე საერთო აქვთ. ისინი უხვად ფინანსდებიან ქართული ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, იკვეთება მათი კავშირები ქართულ ოცნებასთან და მის საპატიო თავმჯდომარესთან.
რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიების მჭიდრო კავშირები ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან იმდენად ცხადია, რომ ყველა მკვლევარი თუ გამომძიებელი ჟურნალისტი საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მიდის– ყველაზე დიდი მოგება გახსნილი რუსული ბაზრიდან სწორედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ნახეს. იგივე დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელმაც ქართული ოცნების დონორი მსხვილი მეღვინეების მიერ ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე გააკეთა კვლევა.
უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორთან დაკავშირებული მსხვილი ჯგუფის გარდა არსებობს მეორე მსხვილი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და ქართული ოცნების დეპუტატს ზაალ დუგლაძეს. სქემა იგივეა – ექსპორტი რუსულ ბაზარზე, შემოწირულობა ქართულ ოცნებას, მილიონობით სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საბიუჯეტო პროგრამების ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მოსარგებლე, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის დაიხარჯა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ოცნების მოქმედი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მისი ძმები და მათი რუსეთის მოქალაქე ბიზნეს პარტნიორები არიან. ისინი ქართული ოცნების დონორთა სიის სათავეშიც გვხვდებიან.
ქართული ოცნების დეპუტატი ზაალ დუგლაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაშიც მოხვდა. ალექსანდრე ივანიშვილის და ზაალ დუგლაძის ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა ბევრ კომპანიას მოიცავს თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ ღვინის ბიზნესზე მოგიყვებით. მათი ერთობლივი ღვინის ბიზნესიდან ყველაზე ცნობილი ორი კომპანია „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანაა. დუგლაძეების ღვინის კომპანიის პრაქტიკულად ყველა პარტნიორი და დირექტორი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.
ჯამში დუგლაძეების ღვინის კომპანიის დამფუძნებლებმა და თავად კომპანიამ ქართულ ოცნებას 897 000 ლარი შესწირეს.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიის 25.68 %–იან წილებს ზაალ დუგლაძე ,დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი ფლობენ. 23%–ს კი აისი ინკი. ეს არის კომპანია, რომელშიც თავის მხრივ წილებს თანაბრად ფლობენ ზაალ დუგლაძე, დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტიორთა ათეულშია და ივანიშვილის ძმის და დუგლაძეების ერთობლივი ბიზნესია, სააქციო საზოგადოება კოტეხი–გურჯაანის ღვინის ქარხანაა. მის წილებს ფლობენ დავით დუგლაძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ეკატერინე დუგლაძე და გოჩა გივიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებულმა ამ ორმა კომპანიამ ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან 11.5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, კოტეხი–გურჯაანის ღვინის ქარხანა რთველის სუბსიდირების ფარგლებშიც მილიონებს იღებს. 2022 წელს ამ კომპანიამ 2 369 451 ლარი მიიღო, 2023 წელს კი დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 425 456 ლარი.
რატომ რჩება საქართველოში ღვინის წარმოება კვლავ დოტაციურ ბიზნესად, თუ მას რუსულმა ბაზარმა ასეთი წარმატება მოუტანა – ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლებას არ აქვს და წარმატებით განაგრძობს იმ კომპანიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვინც რუსულ ბაზარზე გაზრდილი ექსპორტით შოულობს ფულს. ასეთი კიდევ ერთი მსხვილი ჯგუფია, რომელიც რუსეთში ღვინის მსხვილ ექსპორტიორთა ათეულში შედის მისი 2 კომპანიით და რომელიც ასევე ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამჯერად არა ნათესაური ხაზით.
ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე კახური ტრადიციული მეღვინეობის ჰოლდინგის პრეზიდენტია, რომელიც ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და შემომწირველია. ის მხარს უჭერდა რუსულ კანონსაც. ზურაბ ჩხაიძემ და მისმა შპს–მ კახური ტრადიციული მეღვინეობა 2016–2024 წლებში ქართულ ოცნებას 540 ათასი ლარი შესწირეს.
კატევე ჯგუფი მრავალ სხვადასხვა ბიზნესს აერთიანებს, რომელთაგან ბევრი ასევე ქართული ოცნების დამფინანსებელია, თუმცა დღეს მხოლოდ მეღვინეობაზე ვსაუბრობთ. ამ ჯგუფის კიდევ ერთი კომპანია – შპს ასკანელი ძმები ასევე რუსეთში ღვინის მსხვილ ექსპორტიორთა ათეულშია. მისი დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძის ძმა, გოჩა ჩხაიძეა. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ ოცნებას 75 000 ლარი შეწირეს.
ამ ჯგუფთან დაკავშრებულია კიდევ ერთი კომპანია შპს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომლის 100%–ის მფლობელი ასევე გოჩ ჩხაიძეა.
კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ სახელმწიფო დაფინანსების სახით ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან 2017–2023 წლებში 7 921 381 ლარი მიიღო.
2022 წელს რთველის სუბსიდირების ფარგლებში 2 520 562 ლარი,
2023 წელს კი 1 562 000 ლარი მიიღო. ჯამში 12 მილიონი ლარი.
შპს–მ ასკანელი ძმები ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან 2 996 231 ლარი მიიღო.
შპს–მ ასკანელი ვაინერი & დისტილერი 2 220 402 ლარი
იგივე კომპანია 2022 წელს იმ კომპანიების ათეულში მოხვდა, ვინც რთველის სუბსიდირებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო – ამ თანხამ 1 444 760 ლარი შეადგინა.
ქართული ოცნების და ივანიშვილის თაყვანისმცემელი ბიზნესმენების ამ ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მხოლოდ ამ თანხების ჯამი 18 665 336 ლარია. თუმცა შესაძლოა არსებობდეს სხვა სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული თანხებიც, მათ შორის აწარმოე საქართველოს პროგრამიდან, რაც საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ორ ჯგუფთან ერთად ჩხაიძეების ბიზნესჯგუფიც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევით, რომელიც ქართული ოცნების მსხვილი დონორების მიერ საბიუჯეტო თანხების მიღებას უკავშირდება, ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან 2017-2023 წლებში დახარჯული 1.6 მლრდ ლარიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს. 169 მლნ ლარიდან 74 მლნ ლარი კი იმ კომპანიებმა მიიღეს, რომელთა მფლობელებს და მმართველებს „ქართული ოცნებისთვის“ აქვთ ფული შეწირული. ამ კომპანიებთან დაკავშრებულ პირებს კი ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.
რთველის სუბსიდირების გარდა, ღვინის მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან ფინანსურ რესურსებს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან იღებენ. ძირითადი დაფინანსების გამცემი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამას, რომლის ძირითადი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობაა. 2024 წელს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე 54 მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო 2017-2023 წლებში 470 მლნ ლარი დაიხარჯა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს კვლევით,2023 წელს 91-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება რთველის სუბსიდირების ფარგლებში. სუბსიდირების ჯამურმა თანხამ 25 მლნ ლარი შეადგინა. 91 კომპანიიდან 40 კომპანიის მფლობელები ან მმართველები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. მათ „ქართულ ოცნებაზე“ 5.5 მლნ ლარი აქვთ შეწირული.
2023 წელს სუბსიდირებაზე გამოყოფილი 25 მლნ ლარიდან 8.8 მლნ ლარი სახელმწიფო კომპანიამ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, ხოლო 10.2 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს.
შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვებით მსხვილი კონტრაქტები ძირითადად ისევ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუფორმა.
2024 წელს სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებისთვის კვლავ 35 მილიონი ლარი გამოყო.
რა მოიგო მევენახემ იმით, რომ რუსულ ბაზარზე ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კომპანიებს მილიონობით დოლარის მოგება აქვთ.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ყურძნის რეალური ფასი ბოლო ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ გაზრდილა.
თუ 2014 წელს ფერმის კართან 1 კილოგრამი ყურძნის ფასი ლარი და 25 თეთრი იყო, 2023 წელს ის ლარი და 28 თეთრი გახდა. 2015–დან 2022 წლამდე პერიოდში კი ბევრად დაბალი იყო.
გამჭვირვალობის ბიჭი ყურძნის ფასზე.
2024 წელს მევენახეები ისევ ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებდნენ და საპროტესტო აქციის გამართვაც კი მოუწიათ. წელს 1 კგ ყურძნის ყურძნის საშუალო ფასი ბაზარზე 1 ლარი და 17 თეთრი იყო. მევენახეები ამბობენ, რომ კახეთში, ქარხნებში რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი 1.05 -დან 1.10 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, საფერავის ფასი ლარი და ოც თეთრსა და ლარნახევარს შორის. ეს ფასი კი, ყურძნის მოვლაზე გაწეულ ხარჯებთან შეფარდებით ძალიან დაბალია. თუმცა, ამ ფასსაც ქარხნები მხოლოდ მას შემდეგ იხდიდნენ, რაც სახელმწიფომ მათ 1 კილოგრამზე 20 თეთრი დაუსუბსიდირა რქაწითელისთვის, რომელიც საქართველოში წარმოებულ ყურძენს შორის ყველაზე დიდ წილს იკავებს. თავად ქარხნებმა ერთ კილო ყურძენში მხოლოდ 80 თეთრი ან მაქსიმუმ 1 ლარი გადაიხადეს.
რატომ რჩება ისევ პრობლემად საქართველოში ყურძნის ჩაბარების ფასი და რატომ რჩება მიმზიდველად რუსული ბაზარი ქართველი მეღვინეებისთვის, როცა ღვინის ფასი ყველაზე დაბალი სწორედ რუსეთშია.2023 წელს საქართველომ ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა, სადაც რუსეთი ერთი ლიტრის საშუალო ფასით – 2.7 დოლარით 61-ე ადგილზეა. მსხვილი ბაზრებიდან ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი შეერთებულ შტატებშია – 7 დოლარამდე.
თუმცა, ფაქტია, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დამოკიდებულება წელს 73%–მდე გაიზარდა. წლის დასაწყისში რუსეთში საქართველოდან რეკოროდულად დიდი რაოდენობის ღვინო შევიდა. მიზეზი ის არის, რომ ექსპორტიორებმა იჩქარეს, რადგან ზაფხულიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე გადასახადის ზრდას ელოდნენ. რუსულ ბაზარზე სიურპირზები მომავალშიც არის მოსალოდნელი.
რეალურად ვინ მოიგო იმით, რომ ივანიშვილმა ქართულ ღვინოს რუსული ბაზარი გაუხსნა. ჯერჯერობით მევენახეებისთვის სიტუაცია უცვლელი რჩება. ბიუჯეტს ყოველი რთველი ისევ ათეულობით მილიონი ლარი უჯდება, ისევე, როგორც ღვინის მსხვილი მწარმოებლების დაფინანსება, რომლებიც ძირითადად ქართული ოცნების მხარდამჭერები და შემწირველები არიან.
რეკლამის დასრულებისთანავე ნახავთ ჩვენს საგამოძიებო ფილმს იმის შესახებ, ვინ ხეირობს რუსული ბაზრის გახსნით და როგორ უკავშირდებიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და ქართულ ოცნებას ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთში ქართული ღვინო გააქვთ. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელსაც ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მოგების სახით, ასევე მილიონობით ლარს იღებენ ბიუჯეტიდან, და მილიონობით ლარს ქართულ ოცნებას წირავენ.