საპარლამენტო არჩევნები 30 – 31 ოქტომბერს ჩავატაროთ – ელისაშვილის პარტია ინიციატივით გამოდის

ხელისუფლებას და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ – ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კორონაპანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელისუფლებასა და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ – ნაცვლან 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, მაგალითად, გავანაწილოთ სიებით, ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები და პროცედურების სრული დაცვა მოხდეს. ჩვენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ ამ დისკუსიაში დაუყოვნებლივ ჩავერთოთ. ვიცით, რომ სამართლებრივად ეს რთული და თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან კონსტიტუციურ ვადებში ვერ მოესწრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა, ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას შევთანხმდეთ ორდღიან საარჩევნო ციკლზე”, – განაცხადა ელისაშვილმა.