”ვიტყოდი, საპარლამენტო დელეგაციამ სრულად შეასრულა საზოგადოების დავალება” – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტტთან დაკავშირებით განაცხადა.
”ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო და გახლდათ იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს უკრაინასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სწორი იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის შეეთავაზებინა მონაწილეობა. ამით გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს დელეგაცია, როგორც ერთი მთლიანი, არამედ გამოჩნდა ის პოლიტიკური ჯგუფიც, რომელიც სინამდვილეში არადემოკრატიული თამაშის წესებით თამაშობს, გახლავთ ანტისისტემური და ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. ვიტყოდი, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სრულად შეასრულა ჩვენი საზოგადოების დავალება, ჩვენ გადავეცით ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ კოლეგებს, გამოვხატეთ სამძიმარი და ეს ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე.” – აცხადებს თალაკვაძე.