საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, უკრაინაში წავიდეს – მამუკა მდინარაძე

“საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, უკრაინაში წავიდეს ” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე ვიმსჯელეთ. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე ან როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის საკითხზე, უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და კიდევ ერთხელ დამატებით გამოთქვას სამძიმარი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილში, რომელშიც მოტანილ არცერთ საკითხთან, კითხვასთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია. ასევე დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა, დღეს ვნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს ოდენობის დახმარება არავის გაუწევია, მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე უწევს მხარდაჭერას უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ განხორციელდა ის დემარში, რაც განხორციელდა, პასუხი არ მიგვიღია. ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას არ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემა“,- განაცხადა მდინარაძემ.