საპატრიარქომ ჩაასწორა პოსტი, რომლითაც უცნობის აქციის მონაწილეებს მადლობას უხდიდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჩაასწორა პოსტი, რომლითაც უცნობის აქციის მონაწილეებს მადლობას უხდიდა.

თავდაპირველად ოფიციალურ გვერდს ფოტოებთან ერთად ეწერა “მადლობა”.

შეცვლილ ვერსიაში კი ვკითხულობთ: “საპატრიარქოსთან, მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს”.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მარტივი თავაზიანობაა,”როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან და მადლობას უხდი”.

“რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს.

მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა”,- აცხადებს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, უცნობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მსვლელობით საპატრიარქოსთან მივიდნენ, რის შემდეგაც დედა ენის ბაღში შეიკრიბნენ და “მარადისობის დღე” დააფუძნეს.