საპატრიარქოს განცხადებით, სუს-ის ფაილების გავრცელება მიზნად ისახავს წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას.
მათი შეფასებით. ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც “სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია”.
საპატრიარქოს თქმით, საეკლესიო სასჯელის დადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ამიტომ ეს ფაილები გადაწყვეტილების მისაღებად “გამოუყენებელია.”
“თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.
გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე”,– წერია განცხადებაში.
საპატრიარქოს აზრით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი.