“გირჩის– მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებას ეხმიანება.
მისი თქმით, ეს საპატრიარქოს მიერ მრავალწლიანი ანტიქრისტიანული “ტვინების წმენდის” შედეგია.
“ბუკნარში რაც ხდება – არის სირცხვილი. ადამიანებს არ აძლევდე სალოცავის მშენებლობის უფლებას – არის ფსკერი. ახალგაზრდებს თავს უტეხდე იმიტომ, რომ ისინი შენგან განახვავებული რწმენის მატარებელნი არიან – არის შედეგი საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალწლიანი არაჰუმანური და ანტიქრისტიანული ტვინების წმენდის.
ის რომ ასეთ სამარცხვინო და საშიშ რეალობაში ვართ – არის პირდაპირი დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების, რომლებიც ნაცვლად იმისა რომ განსხვავებული ადამიანების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობდნენ ხელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგრძელებენ საბჭოთა სუკის მავნებლურ პოლიტიკას სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებში, რომელიც გულისხმობს მათ ხელით მართვას დაყავი, ერთმანეთის მტრებად აქციე და იბატონე პრინციპით”,– წერს ჯაფარიძე.
გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში დაძაბულობაა. მუსლიმი მოსახლეობა სამლოცველოში ლოცვის ჩატარების უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.
ქრისტიანი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ მუსლიმებს სოფელთან ახლოს აქვთ 2 მეჩეთი, სოფელში კი მესამეს მოწყობას არ დაუშვებენ.
ცნობისთვის, 12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.